ნიკა მელიას ბრალი დაუმძიმდა

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადაც ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი –  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ნიკანორ მელიას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია სამართალდამცველებმა 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა პარტიაში „კოალიცია ცვლილებებისთვის“.