ნიკა კაციას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, მათ შორის დათვალიერების ოქმის და ასევე დასაკითხ პირთა სიიდან ორი პირის ამოღება მოითხოვა. რაც შეეხება ორ პირს, რომელთა მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე, მათგან ერთ-ერთი არის ტაქსის მძღოლი, რომელიც ადვოკატის თქმით, უშუალოდ ნიკა კაციას დაკავებას შეესწრო. მისივე განმარტებით, მძღოლის დაკითხვით საქმეში მნიშვნელოვანი დეტალი გაირკვევა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი თქმით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს. კაციას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.