„რატომ დამიჭირეს კი არა, საიდან მოვიდა ნარკოტიკი?“ – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ბრალდებულმა გარკვეულ გარემოებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნარკოტიკები არ ჰქონია, პოლიციელებმა ცრუ ჩვენებები მისცეს და მისი ჩხრეკა-დაკავება უკანონობის დაფარვის მიზნით არ გადაიღეს. კაციას თქმით, დაკავებისას აბულინგებდნენ და ამცირებდნენ. ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.