თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტ ნიკა კაციას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა. პროცესზე დაიკითხა ქიმიური ექსპერტი და გამომძიებელი, რომელმაც საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ადვოკატის განცხადებით, დაკითხული მოწმეების ჩვენებით დადგინდა, რომ დაკავების მომენტში ნიკოლოზ კაციას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ბრალდებით დააკავეს და რა ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის. შეგახსენებთ, რომ ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.