ნეთანიაჰუ რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, რაფაჰში მილიონ სამასი ათასზე მეტი ადამიანია და მათი უმრავლესობა ღაზის სხვადასხვა ადგილიდან არის დევნილი. „მასობრივი ოპერაცია მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას საბრძოლო ზონებიდან, ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ისრაელის თავდაცვის უწყებას მისცა ბრძანება როგორც მოსახლეობის ევაკუაციის, ასევე „ჰამასის“ ბატალიონების დაშლის შესახებ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით, ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დასასრულებლად ერთი თვე დარჩა. როგორც მან ომის კაბინეტის წევრებს განუცხადა, ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქში ოპერაცია რამადანის დაწყებამდე, ანუ 10 მარტამდე უნდა დასრულდეს.