NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგ შედეგებს აქვეყნებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, 14 %-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შედეგებიდან ასევე ჩანს, რომ საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია. გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება გაზრდილია 10 %-ით. შეკითხვაზე, – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, – 25% პასუხობს, რომ ეს არის „ქართული ოცნება“. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6% ასახელებს. სხვა პარტიების შედეგი კი ჯამში 13%-ია. NDI-ის ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. გამოკითხვა 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 %-ია. კვლევის ავტორების ინფორმაციით, წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით თბილისში და ასევე დიდი და მცირე ზომის ურბანულ დასახლებებში ჩატარდა. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, როგორც NDI განმარტავს, გამოყენებულია სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდები. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, ქართულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე.