„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის მიმდინარეობას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი გაეცნო.
ირაკლი ჩიქოვანი სწავლების მიმდინარეობას, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო და სწავლების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულა. სწავლების ხელმძღვანელმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში სწავლების სრული სიტუაციური სურათი წარუდგინა და სწავლების კონტროლის, ინტენსივობისა და მასში გამოყენებული სიმულაციური საშუალებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრი ასევე ადგილზე დააკვირდა ქვედანაყოფების წვრთნის პროცესს, რომლებიც სიმულაციური სცენარის მიხედვით, კრიზისებისა და საომარი მოქმედებების მართვასა და კონტროლს ახორციელებენ. თავდაცვის მინისტრი ე.წ JTEC-ის შტაბის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ ავტოსატრანსპორტო და სიმულაციურ საშუალებებს გაეცნო. აღნიშნული საშუალებები, კონსტრუქციული, საველე და ვირტუალური სიმულაციური საშუალებების გამოყენებით, საწვრთნელი ქვედანაყოფებისთვის ინტეგრირებული რეალური საწვრთნელი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.