NATO-ს „სწავლების დაგეგმარების კურსი“ 

18:17, 11.09.2025

JTEC-ში სწავლების დაგეგმარების კურსი გაიხსნა. კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატო-ს „სწავლების დაგეგმარების კურსი“ (NATO Exercise Planning Course 2025) გაიხსნა.

საერთაშორისო კურსი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ გახსნეს. ერთკვირიან კურსში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 34 მსმენელიდან 16 ქართველი, ხოლო – 18 უცხოელი სტუდენტია. ისინი ნატო-ს დოქტრინის მიხედვით, ნატო-ს სწავლების დაგეგმვის პროცესს გაეცნობიან. სწავლების დასრულების შემდეგ კი, მათ ნატო-ს სერტიფიკატები გადაეცემათ. სწავლება საპილოტე რეჟიმში JTEC-ში გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა. წელს კი, „სწავლების დაგეგმარების კურსი“, ნატო-ს მიერ აკრედიტებული სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მსგავსად, JTEC-ში ტარდება. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივაა.

მსგავსი