კონკრეტული გადაწყვეტილებები, განცხადებების ნაცვლად – ასეთია ოფიციალური თბილისის რეკომენდაცია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მისამართით.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადება, რომელშიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტია ნახსენები და ნათქვამია, რომ ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ერთგული რჩება, ხელისუფლებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ქართველი სამხედროების მასშტაბური კონტრიბუცია ავღანეთის და ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში, თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გატარებული რეფორმები – მმართველი გუნდი ალიანსს მრავალწლიანი თანამშრომლობის მაგალითებს ახსენებს და უსამართლო დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით თბილისის პოზიციაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას განცხადებები ვერ დაიცავს. ბურთი რომ სამხედრო ალიანსის მოედანზეა, ამას ოპოზიციის ნაწილიც ადასტურებს. თუმცა რამდენად მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა ალიანსის წევრებს შორის საქართველოსთან დაკავშირებით – ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე კითხვის ნიშნებს აჩენს რუსეთის ბოლოდროინდელი მოთხოვნები და ალიანსის წევრი ქვეყნების არაერთგვაროვანი პოზიციებიც.