ნატო-ს გაფართოების საკითხი

ნატო-ს გაფართოების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა, სატელეფონო საუბარი გამართეს. ბორის ჯონსონმა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ასევე განიხილეს ბრიტანეთი-თურქეთის თანამშრომლობა და უკრაინის კონფლიქტზე გლობალური რეაგირება. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ უკრაინის მარცვლეულის მარაგების ექსპორტის სასიცოცხლო მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში. „ნატო-ს გაფართოების საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი ევროპელ მეზობლებს უქმნის და განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს ალიანსში ღირებული წევრები იქნებიან. მან მოუწოდა პრეზიდენტ ერდოღანს, იმუშაოს შვედ, ფინელ და ნატოელ კოლეგებთან, რათა ნებისმიერი პრობლემა მომავალი თვის მადრიდის სამიტამდე გადაილახოს“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობაში.