ნატო-ს გაფართოების პროცესი

ნატო ფართოვდება. ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი. გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ალიანსში ორივე ქვეყანა მას შემდეგ გაწევრიანდება, რაც ნატო-ს წევრი 30 სახელმწიფო მოახდენს დოკუმენტების რატიფიცირებას. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ პროტოკოლის სწრაფ დამტკიცებას. მან ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების საკითხზე სამმხრივი შეთანხმებისთვის. 29 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია. ალიანსის ლიდერებმა გადაწყვეტილება ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიიღეს.