ნარკოტიკული საშუალებების განადგურება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა.

სისხლის სამართლის შვიდას საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული და განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 5 მილიონ ხუთასი ათასი ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 4 კილო და 126 გრამი ჰეროინი, 2 კილო და 446 გრამი კოკაინი, 2033 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 13 929 კაფსულა, „კოდეინის“ შემცველი აბები, „ემ დიე მ ეი”, „მორფინი“, „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.