„ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება და ოპოზიციის გეგმები

ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხელისუფლების ცვლილებისთვის მთავარ ძალად საკუთარი პარტია დაასახელა და სხვა პარტიებს რეიტინგის მატებაში დახმარება შესთავაზა. ხაბეიშვილმა თქვა ისიც, რომ არჩევნების წინ თანამშრომლობისთვის ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც წამყვან ძალას თავად უნდა მიმართონ. ოპოზიციის უმეტესობა წინადადებას არ თანხმდება. პირიქით, შეთავაზების ადრესატები რეიტინგის მატებაში დახმარებას თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობენ და ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას არც 2024 წლის არჩევებისთვის გეგმავენ. ერთადერთი პარტია რომელიც ხაბეიშვილთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, „სტრატეგია აღმაშენებელია“.

მოახერხებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი გაერთიანების შექმნას არჩევნებამდე – ამ კითხვაზე პასუხის მიუხედავად, მმართველი გუნდი 2024 წელს მთავარი ოპონენტის მარცხში დარწმუნებულია.