სტიქია შოვში - ოპოზიციის მოთხოვნა

შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 პროცენტი გადამოწმებულია. მას შემდეგ, რაც დარჩენილი 10 პროცენტი შემოწმდება, მაშველები მდინარე ჭანჭახისა და რიონისთვის დინების შეცვლას და ძებნის ოპერაციის უშუალოდ კალაპოტებში გაგრძელებას გეგმავენ. ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, დღეს სოფელ გლოლაში კიდევ ორი დაღუპული დაკრძალეს.

რამდენად დროული იყო სტიქიის შემდეგ რეაგირება და რას აკეთებს ხელისუფლება მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, – ეს არის კითხვები, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლებასთან აქვს. შოვში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობის შემდეგ, ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს იბარებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სტიქიის შემდეგ ყველა უწყების რეაგირება დროული იყო, რაც შეეხება მინისტრის მოსმენას, მმართველი პარტიის განცხადებით, როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც გომელაურის პარლამენტში მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს.