„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს და ბათუმის მერის იმპიჩმენტს გეგმავს. ოპოზიციის წევრის, ლევან ანთაძის განცხადებით, არჩილ ჩიქოვანი და ადგილობრივი მთავრობა მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. მისი თქმით, რეგიონში არსებული კორუფციის გამო, ბათუმის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ქალაქი ტურისტების მისაღებად არ არის მზად. ისინი მერს და მთავრობის თავმჯდომარეს კაბინეტების დატოვებას და ქალაქში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას ურჩევენ. მოქალაქეებს კი მოუწოდებენ გააქტიურდნენ და მათ მიერ არჩეული არჩილ ჩიქოვანი აიძულონ მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განცხადება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე გააკეთეს, სადაც ინფრასტრუქტურა შტორმის გამო დაზიანდა.