„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, პარტიაში გარკვეული ცვლილებები იგეგმება. სამომავლო გეგმებზე პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ისაუბრა. რაც შეეხება ნიკა მელიასა და მის მომხრეებს, ისინი ამბობენ, რომ ტოვებენ პარტიულ თანამდებობებს, თუმცა, რჩებიან პარტიაში . „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, როგორც თავად ამბობენ, განაგრძობს ბრძოლას საერთო მიზნებისთვის და ირწმუნებიან, რომ არ იქნებიან ჩასაფრებულის პოზიციაში.

ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას პოზიტიურად აფასებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ახლა საჭიროა ერთიანი ბრძოლა და ამ მიმართულებით ის მეტ კოორდინაციას ელოდება. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, პარტია „გირჩი“ ჩატარებულ არჩევნებს ფარსს უწოდებს. მმართველი გუნდი კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის პირობებში მეტ დესტრუქციას ელოდება. „ქართული ოცნების“ ვარაუდით, ამ ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე რეალური ცვლილებისკენ ნაბიჯის გადადგმა მოსალოდნელი არ არის.