თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
დედაქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ექსპლუატაციაში არსებულ კორპუსებზე სასაუბროდ გიორგი ბაგრატიონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე დაიბარეს, თუმცა მათი თქმით, ბაგრატიონმა საკრებულოს წევრებს განუცხადა, რომ ექსპლუატაციაში არ შესული კორპუსების საკითხი მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის.
ოპოზიციური ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის საქციელი უპასუხისმგებლოა.
გიორგი ბაგრატიონი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მომხდარში მერიის ბრალეულობა არ იკვეთება და პოლიტიკური სპეკულაციების გამო, შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს.