„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. პარტია ბათუმის ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს. მათი განცხადებით, მანიფესტი, რომლის ხელმოწერაც პარტიაში დასარჩენად იყო საჭირო, პარტიის გახლეჩის მიზეზი გახდა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაწილი ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვს. უკვე ყოფილი წევრები კი ამბობენ, რომ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ გააგრძელებენ. ლევან ხაბეიშვილის შეცვლას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს მოქმედი თავმჯდომარის გუნდი. რაც შეეხება ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარიცხვის შემდეგ, ყოფილი თავმჯდომარე განცხადებას არ აკეთებს. მმართველი პარტიის შეფასებით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად დაიშლება.