ახალი პოლიტიკური რეალობა საფრანგეთში. 27-დღიანი მმართველობის შემდეგ პრემიერი თანამდებობიდან გადადგა. სებასტიან ლეკორნუმ კრიზისის მოგვარების პირობა ვერ შეასრულა. გადაწყვეტილების მიზეზად უთანხმოების მთავარ საკითხებზე პოლიტიკური კომპრომისების ვერ მიღწევა დასახელდა. მათ შორისაა საბიუჯეტო გეგმის დამტკიცება, საგარეო ვალის შემცირება და სოციალური პროგრამები, რის გამოც წინა პრემიერსაც თანამდებობიდან წასვლა მოუხდა. დავის საგანი იყო ლეკორნუს მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია უნდობლობის გამოცხადებით ემუქრებოდა. დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა მაკრონისგან წინადადება მიიღო – პრეზიდენტი ლეკორნუს სთხოვს, რომ წასვლამდე კრიზისის მოგვარება კიდევ ერთხელ სცადოს. სადავო საკითხებზე პარტიებთან მოსალაპარაკებლად მაკრონი ლეკორნუს ორდღიან ვადას აძლევს.