მერაბ დვალიშვილს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მილიონი ლარი გადაეცემა. პრემიერის განცხადებით, სპორტულ წარმატებასა და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება სჭირდება. შესაბამისად, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გაიცა ფულადი ჯილდო – თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით. მთავრობის მეთაურის განცხადებაში საუბარია ზოგადად სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქართველი სპორტსმენების უპრეცედენტო წარმატებაზე. მისი თქმით, დღეს UFC-ს მოქმედი რვა ჩემპიონიდან ორი ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად საამაყოა.
ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა აჩვენეს ქართველი კაცის 3 000 წლის განმავლობაში გამოწრთობილი მებრძოლი ხასიათი და ამით ყველას შეგვახსენეს, რომ სადაც ღირსებით ვიბრძოლებთ, ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს. ის მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს სპორტსმენებს.