არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია. მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის პარალელურად საქართველოს პრემიერმა ორმხრივი შეხვედრები გამართა და პანელურ დისკუსიებშიც მიიღო მონაწილეობა. აქცენტები გაკეთდა საერთაშორისო დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს როლზე და მის სატრანზიტო პოტენციალზე. დუბაიში ყოფნის დროს ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერსაც შეხვდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველ პირებთან კი საუბრის თემა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერება იყო. ყურადღების მიღმა არც მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები დარჩენილა. მათ შორის ემაარ ჯგუფთან ცოტა ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს.