მსოფლიო ლიდერთა სამიტი დუბაიში

გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. დუბაიში გამართულ სამიტს მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. მაღალი დონის ღონისძიებაზე შეკრებილებს ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა და საქართველოს მიერ კლიმატურ კრიზისთან გამკლავების მექანიზმები გააცნო. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო. პრემიერის განცხადებით, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ დოლარს შეადგენს. სამიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის შეხვედრებიც გამართა. მოლაპარაკებები გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. პრემიერის ვიზიტი დუბაიში მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიის დამფუძნებელთან შეხვედრით დასრულდა. მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაზეც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია აქტიურად მუშაობს. კომპანია აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს.

კლიმატის ცვლილებების სამიტს და დუბაიში გამართულ გაეროს მაღალი დონის კონფერენციას „ტვიტერში“ ეხმაურება საქართველოს პრემიერი. „ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი“, – წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში.