დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ის ელოდება დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. „ ერთად ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ, მიაღწიონ უფრო დიდ კეთილდღეობას და გააძლიერონ საერთო უსაფრთხოება. ეს არის ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივი
ძალა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმაც: „ვულოცავთ დონალდ ტრამპს მისი მეორე ვადის ინაუგურაციას. ტრანსატლანტიკურმა კავშირმა კეთილდღეობა და სიძლიერე მოუტანა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას“,– წერს კაია კალასი.
ტრამპს ინაუგურაციას ულოცავს ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე: „პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ჩვენ მკვეთრად გავზრდით თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს. გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციას და ჯეიმს დევიდ ვენსს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ მშვიდობას სიძლიერით – ნატო-ს მეშვეობით!“ – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი.
პრეზიდენტ ტრამპს წარმატებები უსურვა და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ: „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კვლავ ვიმუშაოთ ერთად – შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და კეთილდღეობა ორივე ერისთვის“, – წერს ჯასტინ ტრუდო.
განცხადებას ავრცელებს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც: „აშშ ჩვენი უახლოესი მოკავშირეა და ჩვენი პოლიტიკის მიზანი ყოველთვის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობაა. ევროკავშირი, 27 წევრი ქვეყნით და 400 მილიონზე მეტი ადამიანით, ძლიერი კავშირია“, – წერს შოლცი.
ასევე ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: „ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციას. ახლა ჩვენი დროა, ვიბრწყინოთ. ჩვენი დროა, ბრიუსელის ოკუპაცია მოვახდინოთ“