მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა - კობი ბრაიანტი

კალიფორნიის შტატში, კალაბასასის მთებში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა.

საზოგადოება ლეგენდარულ კალათბურთელ კობი ბრაიანტს გლოვობს. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა სპორტსმენის 13 წლის გოგონაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტი საკუთარი შვეულმფრენით სწორედ შვილის საკალათბურთო მატჩზე დასასწრებად მიფრინავდა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი უამინდობა და რთული ხილვადობა გახდა, რის გამოც მფრინავს რეისის შესრულების დროს მარშრუტის შეცვლა მოუხდა.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 20-წლიანი კარიერის შემდეგ, კობი ბრაიანტი აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. „შავი მამბას“ სახელით ცნობილ კალათბურთელს უკავშირდება ინდივიდუალური სათამაშო სტილი, რომელმაც ლოს ანჯელესის „ლეიკერსს“ ხუთი საჩემპიონო ტიტული მოუტანა. წლების განმავლობაში ბრაიანტი სწორედ „ენბიეის“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ლიდერი იყო.