„მშვიდობის საბჭო“ გაერო-ს ალტერნატივად – ტრამპის ახალი ინიციატივა
საერთაშორისო საზოგადოებისთვის არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა დონალდ ტრამპის კიდევ ერთი გეგმა.
ამერიკის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ ქმნის, რომელსაც თეთრი სახლის ლიდერის კრიტიკის გათვალისწინებით, გაერო-ს ალტერნატივად მოიაზრებენ. ჯგუფის წესდების მიხედვით, ქვეყანამ, რომელსაც საბჭოში ადგილი სურს, საწევროს სახით მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს. თავდაპირველი გეგმით, საბჭოს ფუნქცია ღაზის სექტორის მმართველობაზე ზედამხედველობა და ანკლავში რეკონსტრუქციის წარმართვა უნდა ყოფილიყო, თუმცა წესდებაში მიზნები და ამოცანები გაფართოებულია და კონფლიქტით დაზარალებულ ან მსგავსი საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე ვრცელდება. წესდების მიხედვით, საბჭოს ამერიკის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს და სწორედ ის მოიწვევს ქვეყნებს. რამდენიმე ქვეყანას მოსაწვევი უკვე გაუგზავნეს – მათ შორისაა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, ასევე კანადა და რუსეთი.