მრავალსერიანი მხატვრული ფილმის, „იუნკრების“ პრემიერა სექტემბერში პირველ არხზე შედგება

სექტემბერში მაყურებელი საქართველოს პირველ არხზე მრავალსერიან მხატვრულ ფილმს, „იუნკრებს“ იხილავს. ხუთი სერიისგან შემდგარი ისტორიული დრამა პირველი არხის პროექტია, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და შემოქმედებით ჯგუფ „შვიდკაცა +“-თან  ერთად ხორციელდება. ფილმის რეჟისორი გია ბარაბაძე, მწერალ კოტე ჯანდიერთან ერთად, სცენარის თანაავტორიცაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრული სერიალის საწარმოო პროცესის დაფინანსების პარალელურად, პროექტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფითაც სარგებლობს. ამავდროულად, ქართული კინოს განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერიალ „იუნკრებს“ გვერდში უდგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროც.

მინისერიალი 1921 წლის თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლო დღეების მოვლენებს ასახავს. ფილმის გადაღებები უკვე აქტიურ ფაზაშია. სამეწარმეო ეტაპი აპრილში დასრულდება, შემოდგომაზე კი მაყურებელს პრემიერა პირველ არხზე ელოდება.