მოწოდებები რადიკალურ სცენარზე - რას გეგმავს ოპოზიცია 

26 მაისის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ ფლანგზე რიტორიკა მწვავდება.

ცალკეული პოლიტიკური აქტორების მხრიდან რადიკალური მოწოდებები ისმის. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება სიმძაფრით გედევან ფოფხაძის გამოსვლამ გადაფარა – „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი 26 მაისს უწყვეტი აქციების დაწყების და რადიკალური ნაბიჯების გადადგმის, მათ შორის, შენობების პიკეტირების მომხრეა, ახსენებს მსხვერპლსაც. როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა – არშემდგარი ერთობის და ალტერნატიული პლატფორმების შექმნის ფონზე პოზიციები გაყოფილია. ახალი არჩევნების მიღწევის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების გეგმის ნაწილში პოლიტიკური აქტორების მოსაზრებები ერთმანეთს აღარ ემთხვევა. მაშინ, როცა ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ კოორდინაციას საკმარისად არ მიიჩნევს და რადიკალურ მოქმედებებს ითხოვს, კიდევ უფრო მკაცრდება ტონი იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობა გაცხადებული არ აქვთ. ოპოზიციის ნაწილი გეგმას სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის ფარგლებში აწყობს, პლატფორმაში მყოფი პარტიების ნაწილი კი ყოფილი პრეზიდენტის ნაბიჯებით უკმაყოფილო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილ ფორმატში მართავს შეხვედრებს.

მმართველი გუნდი 26 მაისს პროვოკაციებს არ გამორიცხავს.