საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედია; სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით. გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ამაღლდა მართლმსაჯულების ხარისხი. შედეგად, დღევანდელი სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც წინა რეჟიმის დროს არსებობდა; მოქალაქეებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალურად ხელმისაწვდომ სიკეთედ იქცა. ეს პროგრესი, სისტემურ რეფორმებთან ერთად, თითოეული პრინციპული, სამართლიანი, მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი მოსამართლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში. სწორედ მოსამართლეა სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი, ის საყრდენი, რომელზეც მართლმსაჯულების სისტემა დგას. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, თითოეული სამართლიანი გადაწყვეტილება ქმნის იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის.“, – ირაკლი კობახიძე.