გიორგი ონიანსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცა

მოსამართლემ მსჯავრდებულ გიორგი ონიანსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ონიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სააპელაციო სასამათლოში გამართულ პროცესზე შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორების განცხადებით შეთანხმების გაფორმების ერთერთ საფუძველს ისიც წარმოადგენს, რომ მსჯავრდებული ბრალდებას აღიარებს.  ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ შეთანხმებით სასჯელის ოდენობა და ბრალდების ფორმულირება არ იცვლება. ონიანი სასჯელის 2 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი იქნება. მოსამართლის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების პირობებს, გიორგი ონიანმა თანხმობა განაცხადა და თქვა, რომ შეთანხმებას საკუთარი ნებით დათანხმდა და არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

გიორგი ონიანს 2017 წლის 7 ნოემბერს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მას ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პოლიტიკური ნიშნით დევნაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ედება. საუბარია 2011 წელს დავით შათირიშვილის და ლევან მდინარაძის დაკავებაზე, რა პერიოდშიც ონიანი გლდანი ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. პროკურატურის განცხადებით შათირიშვილის და მდინარაძის დევნა მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო განხორციელდა.