მორიგი რეზოლუცია და დებატები ევროპარლამენტში
უცვლელი რიტორიკა, მოწოდებები, გზავნილები და მუქარის შემცველი გაფრთხილებები: საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუციის შინაარსზე არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა კენჭისყრამდე დარბაზში გამართული დებატები.
ბრიუსელიდან ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს საგარეო კურსის შეცვლაში, რეპრესიებში, მედიის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების დევნაში და სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში. ევროპარლამენტიდან პაატა ბურჭულაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყველა იმ პოლიტიკოსის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებით ციხეში იმყოფებიან და რომლებსაც დეპუტატები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. სწორედ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის გეგმის ორგანიზატორ პაატა ბურჭულაძის სახელობისაა 441 ხმით მიღებული რეზოლუცია. ევროპარლამენტარების მოთხოვნაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესდეთ, დაგვიანებული ნაბიჯების და არასაკმარისი რეაგირების გამო იყო კრიტიკა ევროსტრუქტურების მისამართითაც. 4 ოქტომბრის მოვლენები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობად შეფასდა, ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ევროპული მომავლის დაცვაა ევროპარლამენტართა ნაწილისთვის. ბრიუსელში დამტკიცებული მორიგი რეზოლუციის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი მკვეთრად უარყოფითი შეფასებები ევროკავშირს ელჩს უკვე პირადად გააცნო. პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა.