მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამა

თვითდასაქმებულები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები, 18 წლამდე მოქალაქეები – ეს ის მიზნობრივი ჯგუფებია, რომლებზეც ახალი ანტიკრიზისული პაკეტი გავრცელდება. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილი ოჯახების დახმარების გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლის ერთი წლით დაფინანსება და 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვსა და მოზარდზე 200-ლარიანი დახმარების გაცემა.

ერთჯერადად 300 ლარი ჩაერიცხება ყველა იმ თვითდასაქმებულსაც, რომლებმაც დოკუმენტებით პანდემიის დაწყებამდე შემოსავლების არსებობა ვერ დაადასტურეს. გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, მთავრობა კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს. ამიტომ დღეს წარმოდგენილი გეგმა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასაც ეხება. ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე 410 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.