მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თებერვალში შედგება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პირველ თებერვალს გაგრძელდება. „აქსიოსის“ ინფორმაციით, შეხვედრა 23-24 იანვარს აბუ დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდის გაგრძელება იქნება. გამოცემის ცნობით, აბუ დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის არა მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი, არამედ ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა. წყაროების ცნობით, შაბათს ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან, ხოლო რუსული და უკრაინული მხარეები ასევე შეხვდნენ ამერიკელების დასწრების გარეშე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს – რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, დავა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და დეესკალაციის ნაბიჯები. შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, საუბრების ძირითადი ფოკუსი ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები იყო.