აღმოჩნდება თუ არა კიდევ ერთი დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული – ახალი კონფლიქტის თავიდან აცილება პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაზეა დამოკიდებული, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით ელოდება.
თურქეთში 6 თებერვალს ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. ორივე მხარის შეთანხმების მისაღწევად საკუთარი წინაპირობები აქვს. რეგიონული სახელმწიფოები ახლა უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის მოგვარებას და მორიგი სამხედრო კონფრონტაციის პრევენციას ცდილობენ. ბოლო კვირებში ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე მეტოქე ქვეყნების ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. პირისპირ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა მუქარის შემცველი გზავნილები ვაშინგტონიდან და ახლო აღმოსავლეთისკენ საბრძოლო ხომალდის გაგზავნა. პირისპირ მოლაპარაკებებზე დღის წესრიგში იქნება სამი საკითხი – მათ შორის მთავარი ბირთვული პროგრამაა, რაზეც ტრამპს კონკრეტული მოთხოვნები აქვს.