მოკვლევა სავარაუდო კარტელური შეთანხმების ფაქტზე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ, სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება კომპანიებს, რომელთა მოვალეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელების ხარისხისა და სათანადო შესრულების მონიტორინგი იყო. მოკვლევის დაწყების საფუძველი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა. სააგენტოს ინფორმაციით, სამინისტროსა და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამოვლინდა ცალკეული გარემოებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეთანხმებულ ქმედებას. სავარაუდო შეთანხმებული ქმედებები შეეხება რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გამოცხადებულ ტენდერებს.