მოკვლევა სამედიცინო დაწესებულებებში

კოვიდპანდემიის ორი წელი და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა – ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკები გააკრიტიკა და კონკრეტული ბრალდებებიც წარმოადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, ექთნებისა და ექიმებისთვის გამოყოფილი ფულადი დანამატები ზოგ შემთხვევაში ადრესატამდე არ მივიდა, კლინიკების ნაწილში კი, პაციენტებს მიზანმიმართულად იმაზე დიდხანს ტოვებდნენ, ვიდრე ამის საჭიროება იყო. ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჯანდაცვის ასოციაციაში ეხმაურებიან და ბრალდებებს უარყოფენ. მათი განცხადებით, ასეთ საკითხებზე არგუმენტების გარეშე საუბარი სამედიცინო სექტორს რეპუტაციულ ზიანს აყენებს. საკითხის მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურმა უკვე დაიწყო, პირველადი შედეგები კი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.