მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა „ხალხის ძალა“ აშშ-ს სენატში გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს. განცხადებაში ნათქვამია: „გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, „ენჯეოების“ დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ“. აცხადებს „ხალხის ძალა“.