„მოამბე“ დღეს იუბილარია

„მოამბე“ დღეს იუბილარია.

ქვეყნის პირველი საინფორმაციო გამოშვება ეთერში ზუსტად 56 წლის წინ გავიდა. 1968 წლის 4 იანვარს ქვეყნის პირველ ტელევიზიაში ახალი ამბების რედაქცია გაჩნდა. პროგრამისთვის სათაური მთავარი რედაქციის ხელმძღვანელმა თამაზ ხომერიკმა ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბის“ მიხედვით შეარჩია. პირველი ეთერი ერთი ტელეკამერით 15 ჟურნალისტის მიერ მომზადდა. რეპორტაჟების ნაცვლად ეთერში ფოტო კოლაჟები გადიოდა. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს ოქროს ფონდში, ინახება „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული უნიკალური კადრები, მათ შორის 9 აპრილის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნებისა და აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეო მასალა. გადაცემას რამდენჯერმე შეუცვალეს სახელწოდება, იყო „პირველები“, „მაცნე“, თუმცა დროს, მხოლოდ „მოამბემ“ გაუძლო.