„მოამბე“ 50 წლისაა

საქართველოს პირველი საინფორმაციო გამოშვება იუბილარია. მოამბე 50 წლისაა. ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1968 წლის 4 იანვარს პირველმა არხმა ქვეყანაში მიმდინარე ახალი ამბების ყოველდღიური გაშუქება დაიწყო.

თავდაპირველად რეპორტაჟები ფოტოებით გადაიცემოდა, თუმცა, მალევე პირველი არხის ჟურნალისტებმა კინოკამერებით დაიწყეს მუშაობა ჯერ ქვეყნის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

მოამბე წლების განმავლობაში საქართველოს ერთადერთი საინფორმაციო გამოშვება იყო. სწორედ ამიტომ, ჩვენს არქივში ინახება ისეთი უნიკალური კადრები, რომლებიც ასახავს ენგურჰესის კაშხლის მშენებლობას, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ არჩევნებს, აფხაზეთის ომს.

ლია მიქაძე, ალექსანდრა მაჭავარიანი, დონარა კინწურაშვილი, ჟანეტა არჩვაძე, დავით სოკოლოვი, ჯულიეტა ვაშაყმაძე, თენგიზ ნათაძე,- ეს მოამბის იმ წამყვანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოსა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებს წლების განმავლობაში აცნობდნენ მაყურებელს.

პირველი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, მოამბე არაერთხელ განახლდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. შეიცვალა სტუდია, ინტერიერი. ამ ეტაპზე კი, პირველად ხდება არხის  ტექნიკური გადაიარაღება და მასშტაბური ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს.

მოამბის პირველი საინფორმაციო გამოშვებიდან 50 წლის თავზე განახლდა მოამბის საეთერო ბადე, სტუდია და ფორმატი. ასევე მთლიანად შეიცვალა ავტოპარკი და სატელევიზიო კამერები.