მმართველი გუნდის ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადებების კიდევ ერთი თემაა ამერიკული „ფარას“ ქართულ რეალობაში გადმოტანა. საუბარია კანონზე, რომელსაც, გეგმის მიხედვით, მმართველი გუნდი ორი თვის განმავლობაში თარგმნის, შემდეგ კი ახალ კანონპროექტზე საჯარო მსჯელობას მოაწყობს. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებითა და ინტერესებით მოქმედებენ.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ გაუქმდება. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ, რომლის მიზანიც მოქალაქეების დაშინებაა.