მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეტს ხვდება.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება მოლდოვას, ჩეხეთისა და ესტონეთის პრეზიდენტთან, აშშ-ს დელეგაციასთან, ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან.

 დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთანაც. ვიზიტთან დაკავშირებით, პრესსამსახური სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას,“- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „საქართველო ყურადღების ცენტრში“.