კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ

კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი: „გულითადად ვულოცავ ბატონ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებასა და პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას. ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც გისურვებთ, რომ დიდი წარმატებით გაართვათ თავი. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთს. მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და პოლონელ ხალხს. მოუთმენლად ველით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, რის იმედსაც ჩვენს შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრა მაძლევს“. – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

კაროლ ნავროცკის მისალოც წერილს უგზავნის საქართველოს პრემიერი: „ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ვუსურვებ მას წარმატებას პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების გზაზე. საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში“ – წერს ირაკლი კობახიძე მისალოც წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.