ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა, ამ ეტაპზე, მისი ანალოგი, ფრანგული წარმოების ინსულინით – „აპიდრათი” გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებმა აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტი „აპიდრა“ საქართველოში ხელმისაწვდომია და მიწოდების კუთხით, არანაირი შეფერხება არ არის მოსალოდნელი. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები, რომ „ნოვორაპიდის“ მწარმოებელმა კომპანია Novo Nordisk-მა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და მედიკამენტით უზრუნველყოფა უახლოეს პერიოდში შეძლოს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში დანიური კომპანიის „ნოვო ნორდისკის“ წარმოებული ინსულინით მომარაგების პრობლემები შეიქმნა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევაა. დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლების ნაწილის განცხადებით, ალტერნატიულ პრეპარატზე გადასვლა, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ვერ ხერხდება, თუმცა მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ ექიმების ჩართულობით ეს პრობლემა მოგვარდება.