მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნა

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას მმართველ გუნდში სპეკულაციებს უწოდებენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობა პენიტენციურ სისტემაშიც შესაძლებელია, რასაც მისი მხრიდან თანხმობა სჭირდება. „ქართული ოცნების“ წარმომდგენლების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები საფუძველს მოკლებულია და აქედან გამომდინარე უპერსპექტივოა. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით კი, ხელისუფლების ქმედებები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმის ვადა გუშინ ამოიწურა, რის შემდეგაც, ოჯახის წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმა დასახეს. გეგმა მოიცავს კონსულტაციებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და ასევე პერმანენტულ აქციებს.