მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს

ტყიბულში საპროტესტო გამოსვლები შეწყდა. ამ ეტაპზე კრიზისი მოგვარებულია.

სამდღიანი შიმშილობის შემდეგ 25 მეშახტე შახტებიდან ამოვიდა. მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს სხვა კომპანია იბარებს. 13-წლიანი მართვის შემდეგ კომპანია „ჯიაიჯიმ“ შახტების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა.

მეშახტეებს დაპირდნენ, რომ დღემდე გაუცემელ სექტემბრის ხელფასს ახალი ინვესტორი ორშაბათისთვის ჩაურიცხავს. რაც შეეხება შახტებს, რომლებიც შარშან ზაფხულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაურკვეველი ვადით დაკონსერვებულია, ახალი მფლობელი პირობას დებს, რომ ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები ნოემბრიდან განახლდება.