ორ დღეში გაიმართება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება – ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც სხდომა პრეზიდენტმა არ დანიშნა. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
საკანონმდებლო ორგანო პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 დეპუტატი ესწრება. „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, ამიტომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის უმრავლესობას საკუთარი ხმები ყოფნის.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. უმრავლესობა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა. 19 მანდატი აქვს „კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, 14 მანდატი „ძლიერ საქართველოს“, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.