მაუწყებლის საარჩევნო პროექტები

პირველი არხი მზად არის, საეთერო დრო ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს დაუთმოს.

პირველი არხის ინიციატივით, ცესკო-ში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატის წარმომადგენელთან შეხვედრა შედგა. პირველმა არხმა გადაწყვიტა, არჩევნებში მონაწილე თითოეულ კანდიდატს 10-წუთიანი დრო დაუთმოს.

ხვალიდან კანდიდატები 25 ოქტომბრამდე „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 10 წუთის განმავლობაში შეძლებენ, ამომრჩეველს საკუთარი ხედვა გააცნონ. გარდა ამისა, შედგება დებატები ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტსა და 16 კვალიფიციურ სუბიექტს შორის. პირველი დებატი არაკვალიფიციურ სუბიექტებს შორის გაიმართება. დარჩენილ ორ კვირაში საკუთარ ხედვას ამომრჩევლებს კვალიფიციური სუბიექტები გააცნობენ.

ასევე პირველი არხი სთავაზობს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში. კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, პირველი არხი მზად არის, დებატები ტექნიკურად უზრუნველყოს.