მასშტაბური თავდასხმა კიევზე

12:05, 19.07.2026

ვითარება ისევ დაძაბულია უკრაინაში. რუსეთის მიერ 19 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს კიევზე მომხდარ თავდასხმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დარტყმები კიევის ხუთ რაიონზე განხორციელდა, შედეგად ხანძრები გაჩნდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში, ასევე დაიწვა ავტომობილები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 41 რაკეტა და 125 დრონი გაუშვა, რომელთა მთავარი სამიზნე კიევი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური იერიში დაადასტურა და განაცხადა, რომ სამიზნეები კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმოები და ლოგისტიკური ცენტრები, ასევე ოდესის ოლქში, პორტ „იუჟნის“ ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინა კი დრონებით სტავროპოლში მდებარე ნავთობბაზას დაესხა თავს. გაჩნდა ხანძარი. მხარის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი