მასშტაბური საპროტესტო აქციები ესპანეთში
ესპანეთში სოციალურ თემაზე დაწყებული მასობრივი პროტესტი მწვავე პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიუხედავად, ქვეყნის დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები არ წყდება. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა იმ ასაკოვანი ქალის გარდაცვალების შემდეგ, რომლის ბინიდან გამოსახლებას მოქალაქეთა პროტესტი და დემონსტრაციები მოჰყვა. მარი კარმენ აბასკალმა ბინაში 70-წლიანი ცხოვრების შემდეგ ქირის გადახდა ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც ის სახლიდან საკაცით გამოიყვანეს. მადრიდში დღეს მასშტაბური მსვლელობები ეწყობა. ბინების მაღალი ქირის და ქირასა და საშუალო ხელფასს შორის მკვეთრი შეუსაბამობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გასული დემონსტრანტები ხელისუფლებას მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებენ და გასახლებების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. საბინაო კრიზისმა ქვეყნის სხვა ქალაქებიც მოიცვა. ვითარების განმუხტვა მთავრობის მეთაურმა საბინაო რეფორმით და ახალი რეგულაციებით სცადა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.