პოლონეთი, ნატო-სთან ერთად, წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომელშიც 30 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. „რკინის კარიბჭის“ ფარგლებში 600-ზე მეტი ტანკი, თვითმფრინავი და სარაკეტო სისტემაა ჩართული. სწავლებაში ჩართულია „აბრამსის“ ტანკები, F-35-ის და F-16-ის ავიაგამანადგურებლები და სხვა სამხედრო ტექნიკა. წვრთნები ორჟიშის საწვრთნელ მოედანზე ტარდება, რომელიც სტრატეგიული სუვალკის დერეფნიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. სუვალკის დერეფანი აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვას და ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადის ანკლავს შორისაა მოქცეული. საერთაშორისო სამხედრო წვრთნები ტარდება ესტონეთშიც. სწავლება ორ კვირას გაგრძელდება. მანევრების ძირითადი მიზანია მოკავშირეთა ძალების სწრაფი გადაყვანისა და საფრთხეების ერთობლივი მოგერიების შემუშავება. სწავლებაში, ესტონელ სამხედროებთან ერთად, მონაწილეობენ ჯარისკაცები ლატვიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან და კანადიდან. მანევრებში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასამდე სამხედრო. ესტონეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამხედრო სწავლება აჩვენებს ნატო-ს მოკავშირეების მზადყოფნას რეგიონის თავდაცვისთვის.