მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა. მსახურების შემდეგ მან მრევლს უწმინდესის ლოცვა-კურთხევა გადასცა. მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ადამიანის მოწოდებაც და მიზანიც სწორედ ფერის ცვალება უნდა იყოს – სიწმინდისკენ, სიყვარულისა და სიკეთისკენ. ფერისცვალება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.